GAU-ს კურსდამთავრებულები

,,Pepsico''

"პირველივე ლექციის შემდეგ მივხვდი, რომ გაუ იყო ნამდვილად ის რაც მე მინდოდა, უნივესიტეტი, სადაც შეგეძლო გესწავლა თანამედროვე ამერიკული ლიტერატურით, მოგესმინა პრაქტიკოსი და მაღალკვალიფიციური ლექტორების ლექციები და განვითარებულიყავი, როგორც ბიზნესის ადმინისტრირების სპეციალისტი..."

პროფესორები და ლექტორები

1958 წლიდან მუშაობდა პარტიის ისტორიის ინსტიტუტში, შემდეგ მეცნიერებათა აკადემიის ისტორიის ინსტიტუტში, 1973 წლიდან კი იყო პედაგოგიური უნივერსიტეტის კათედრის გამგე. მისი სამუშაო მოიცავს ასევე 1986-1989 წლებში ბაქოს ამიერკავკასიის უნივერსიტეტსა და 2010 წლიდან ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში (თბილისი) მუშაობას.

რუსუდან ციციშვილი

ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და ლიბერალური განათლების სკოლის დეკანი
სრული პროფესორი

რუსუდან ციციშვილი გახლავთ ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის დამფუძნებელი, ენების კათედრის გამგე, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და ლიბერალური განათლების სკოლის დეკანი, ბაკალავრიატის ინგლისური ფილოლოგიის პროგრამის ხელმძღვანელი, GAU წიგნების აღმასრულებელი დირექტორი, სრული პროფესორი.

რუსუდან ციციშვილმა წარჩინებით დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დასავლეთ ენებისა და ლიტერატურის ფაკულტეტი ინგლისური ენისა და ლიტერატურის განხრით. 1976-1979 წლებში იყო ამავე უნივერსიტეტის ინგლისური ფილოლოგიის კათედრის ასპირანტი. 1983 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია ტექსტის ლინგვისტიკაში ფილოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხის მოსაპოვებლად. 1985-1993 წლებში მუშაობდა სახელმწიფო უნივერსიტეტის ენების ინტენსიური სწავლების რესპუბლიკურ ცენტრში ინგლისური ენის მასწავლებლად, 1993-2006 წლებში კი ინგლისური ფილოლოგიის კათედრაზე, ჯერ ინგლისური ენის უფროს მასწავლებლად (1993-1996), შემდეგ ინგლისური ფილოლოგიის კათედრის დოცენტად (1996-2006).  

რუსუდან ციციშვილი სხვადასხვა დროს მუშაობდა თბილისის სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის ენების კათედრაზე (ინგლისური და რუსული ენების მასწავლებლად), სოფლის მეურნეობის საკავშირო აკადემიის საქართველოს განყოფილების უცხო ენების კათედრაზე (ინგლისური ენის უფროსი მასწავლებელი), თბილისის სულხან-საბა ორბელიანის სახელობის უნივერსიტეტის  ინგლისური ენის კათედრაზე (დოცენტი), ამავე უნივერსიტეტის ინგლისური ენისა და ლიტერატურის კათედრაზე (კათედრის გამგე და ინგლისური ენის მასწავლებელი).

რუსუდან ციციშვილს ენების ცენტრებში მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს. 1989-1993 წლებში იგი მუშაობდა ლონდონის საერთაშორისო სახლის თბილისის ფილიალში (International House, Tbilisi) ინგლისური ენის მასწავლებლად, ამავდროულად გახლდათ სასწავლო ნაწილის გამგე. 1993 წლიდან დღემდე არის შპს სკოლა ,,ფენიქსის'' (ზოგადსაგანმანათლებლო სკოლა და უცხო ენების სასწავლო ცენტრი) დამფუძნებელი, დირექტორი და ინგლისური ენის მასწავლებელი.

მრავალი წელია რუსუდან ციციშვილი აქტიურ მონაწილეობას იღებს მასწავლებელთა მომზადებისა და გადამზადების საქმეში. 2003-2010  წლებში მუშაობდა წმინდა გიორგის საერო სკოლაში მეთოდისტად ინგლისური ენის სწავლების დარგში. 1993-1996 წლებში გახლდათ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან არსებული მასწავლებელთა გადამზადების ცენტრის (CETT) ტრენერი. 1995-1996 წლებში იგი ხელმძღვანელობდა კვალიფიკაციის ასამაღლებელ კურსებს საპატრიარქოსა და 55-ე საშუალო სკოლის ინგლისური ენის მასწავლებელთათვის.

რუსუდან ციციშვილი არის საქართველოს ინგლისური ენის მასწავლებელთა პროფესიული ასოციაციის (ETAG) წევრი 1995 წლიდან, საპროექტო ჯგუფის წევრი და ტრენერი. მან არაერთგზის მიიღო მონაწილეობა ინგლისური ენის მასწავლებელთა ასოციაციისა და ბრიტანეთის საბჭოს მიერ ინიცირებულ ერთობლივ საგანმანათლებლო პროექტებში როგორც ავტორმა, თანაავტორმა და ტრენერმა ( „ინგლისური ენის სწავლისა და სწავლების საწყისი მდგომარეობის შესწავლა საქართველოში'' (2001 წელი)  -  მასალა წიგნად გამოიცა, რომელშიც რუსუდან ციციშვილის ავტორობით V (მასწავლებელთა კვალიფიკაცია) და VIII (სასკოლო სახელმძღვანელოები) თავებია შესული: „ინგლისური ენის საუნივერსიტეტო კურიკულუმის გაუმჯობესება'' (2004 – 2005 წწ); „ინგლისური ენის სწავლების მეთოდოლოგიის კურსი პედაგოგიური უნივერსიტეტებისათვის'' (2006 წ) - წიგნში რუსუდან ციციშვილის ავტორობით შესულია შემდეგი თავები: მრავლობითი ინტელექტის თეორია, მოსწავლის თვისებები და როლები, სწავლის სტილები და სტრატეგიები, შეცდომების გასწორება ზეპირ მეტყველებასა და წერით მეტყველებაში, წერა, ლაპარაკი, გაკვეთილის შეფასების კრიტერიუმები, სავარჯიშოების ბანკი: „წერის უნარ-ჩვევების ჩამოყალიბება'' (2003-2004 წწ). 2000-2002 წლებში მონაწილეობა მიიღო განათლების სამინისტროსა და „ღია საზოგადოება - საქართველოს'' მიერ ორგანიზებულ კიდევ ერთ საგანმანათლებლო პროექტში, რომელიც მიზნად ისახავდა ახალი სასკოლო სახელმძღვანელოების შერჩევას კონკურსის გზით (ინგლისური ენის ექსპერტთა ჯგუფის წევრი).

საქართველოს ინგლისური ენის მასწავლებელთა პროფესიული ასოციაციის (ETAG) წევრისა და ინგლისური ენის მასწავლებელთა საერთაშორისო ასოციაციის (IATEFL) ნამდვილი წევრის რანგში რუსუდან ციციშვილმა სხვადასხვა დროს მონაწილეობა მიიღო ინგლისური ენის მასწავლებელთა ეროვნული და საერთაშორისო კონფერენციებისა და სემინარების მუშაობაში ბრაიტონში, ზალცბურგში, ადლერში, თბილისში, ბათუმში, თელავსა და ტაბახმელაში. ორ მათგანზე წარდგა მოხსენებებით (ზალცბურგის სემინარი, ზალცბურგის ამერიკული ცენტრი, მოხსენება თემაზე „კომუნიკაციური მეთოდოლოგია - ინგლისური ენის მასწავლებლის სამსახურში''; ინგლისური ენის მასწავლებელთა პირველი კავკასიური კონფერენცია, ტაბახმელა, 2003 წ, პროექტის - „ინგლისური ენის სწავლების მეთოდოლოგიის კურსი პედაგოგიური უნივერსიტეტებისათვის'' - პრეზენტაცია).

1989-1999 წლებში რუსუდან ციციშვილს მრავალგზის აქვს გავლილი პროფესიული კვალიფიკაციის ასამაღლებელი, დარგობრივი ენის სწავლების მეთოდოლოგიის, ენის სწავლების მენეჯმენტისა და ტრენერების მოსამზადებელი კურსები ლონდონში, ნორიჩში, სარეიში (დიდი ბრიტანეთი), პენსილვანიასა (ამერიკის შეერთებული შტატები) და თბილისში.

ამჟამად რუსუდან ციციშვილი აქტიურად თანამშრომლობს საქართველოს ეროვნულ საგამოცდო ცენტრთან, არის სააპელაციო კომისიის მუდმივი წევრი.

ფლობს ქართულ, რუსულ, ინგლისურ და ფრანგულ ენებს. უყვარს მუსიკა, ლიტერატურა, კინემატოგრაფია, მოგზაურობა. გატაცებულია ფსიქოლოგიით, ფილოსოფიითა და მებაღეობით.